Scotch Diaries: პირველი შთაბეჭდილებები

Scotch Diaries: პირველი შთაბეჭდილებები

ტირში მოგებულ უსარგებლო სათამაშოებს თუ არ ჩავთვლით, ცხოვრებაში არაფერი მომიგია. მოკლედ რომ გითხრათ, იღბლიანობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, ხუთლარიანიც კი არ მიპოვნია სადმე უპატრონოდ დაგდებული. ამის ფონზე, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი რეაქცია, როდესაც მომწერეს, რომ შოტლანდიაში, ვისკის ტურზე, მეპატიჟებოდნენ ერთ-ერთი საუკეთესო შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი კომპანიის, William Grant & Sons-ის, დისტილერიების მოსანახულებლად? გაოცების, აღფრთოვანების და სიხარულის გრძნობები ერთდროულად დამეუფლა, მაგრამ სანამ თვითმფრინავიდან შოტლანდიის ულამაზესი ნაპირი არ გამოჩნდა, ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. 

IMG_8981.jpg

შოტლანდია ყოველთვის ძალიან შორეული, მიუწვდომელი და იდუმალებით მოცული ქვეყანა იყო ჩემს წარმოსახვაში. არასდროს მიფიქრია აქ მოგზაურობაზე, სხვა იმდენი “მოსანახულებელი” ადგილი მეწერა სიაში, რომ შოტლანდია უყურადღებოდ დამრჩა. როგორც აღმოჩნდა - ძალიან ტყუილად. ეს ქვეყანა ბევრად მეტ ინტერესს იმსახურებს, ვიდრე უმეტესობას გვაქვს მის მიმართ.

აეროპორტში შუახნის შოტლანდიელი მამაკაცი დამხვდა და თავისი ძალიან მომხიბლავი აქცენტით მკითხა: “Are you Barbara?”. (ბგერა “რ” წაიკითხეთ ძალიან გამოკვეთილად და უხეშად). და ზუსტად ამ წამიდან დაიწყო ჩემი შოტლანდიური თავგადასავალი.


პირველი შთაბეჭდილება შოტლანდიაზე აეროპორტიდან სასტუმრომდე გზად შემექმნა. აბერდეენის აეროპორტიდან ელგინამდე (პატარა ქალაქი, სადაც ვცხოვრობდით) დაახლოებით საათნახევრის გზაა. ირგვლივ ყველაფერი მწვანეა! ხეები, მდელოები, უამრავი ცხვარი ბედნიერად მიშვებული საძოვარზე, თივის ზვინები, რომლებიც სუშის როლებივით არის გადახვეული.

ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნის - “არასწორი” მოძრაობაა. ვერაფრით შევეგუე საწინააღმდეგო საგზაო მოძრაობას, ყოველი მანქანის მოახლოების მეშინია, რადგან ავარიულ სიტუაციად აღიქმება ჩემი ტვინის მიერ. როდესაც მანქანა ჩერდება, მძღოლის კარი იღება არა ტროტუარის მხარეს, არამედ შუა გზაზე, რაც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ჩემთვის.

გზად კიდევ ტიპოგრაფიამ აღმაფრთოვანა. საგზაო ნიშნები, ქალაქების დასახელებები, ქუჩების დასახელებები, ყველაფერი ძალიან მინიმალისტური და დახვეწილი ფონტით წერია. ჩემი შინაგანი ესთეტიკის მონა ზეიმობს! როგორც აღმოჩნდა, მთელს ბრიტანეტში საგზაო ნიშნები ერთი ფონტითაა დაწერილი და ამ ფონტს ქვია "Transport". 

როდესაც დასახლებებთან მივედით, აქ მეორე შოკი მივიღე: ამდენი ძველებური, ერთნაირი სახლი მხოლოდ ფილმებში მქონდა აქამდე ნანახი. დიდი ქვებით აშენებული პატარა სახლები, მუქი კრამიტის სახურავები. ჰარი პოტერის გადასაღებ მოედანს გავს მთელი ქვეყანა. არარეალურობის შეგრძნება არ მტოვებს.

IMG_9126.jpg

მესამე შოკი - სასტუმრო, რომელიც მე-19 საუკუნის სასახლეშია განთავსებული. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ სურათით შემოვიფარგლები. Mansion House Hotel. 

9361458_7_z.jpg

აქაც ყველაფერი ძველებური და განსხვავებულია. ფერადი ნოხები, მასიური ხის ავეჯი, ძალიან მაღალი ლოგინი, განსხვავებული როზეტები, ტანსაცმლის საკიდიც კი სხვანაირი კონსტრუქციისაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ორი ონკანიდან ცხელი და ცივი წყლის გაზავება ცალკე მეცნიერებაა და რეზიუმეში უნდა ჩავიწერო, როგორც ახლადშეძენილი უნარი.

ეკლექტიკის ადგილი შოტლანდიაში არ არის. აქ ვერ ნახავთ ულტრათანამედროვე ნაგებობებს და სტილების აღრევას. აქ ბუნება და ადამიანები ბალანსში არიან ერთმანეთთან, სიმშვიდე და სიწყნარეა, ცხოვრება ნელა მიდის. ჩემი ჰიპერაქტიური ყოველდღიურობის შემდეგ, ცხოვრების ტემპის ასეთი რადიკალური ცვლილება ასევე ერთგვარი სახეში შემოლაწუნება იყო. ჩემი ფანჯრიდან ასეთი ხედია. ჰაერი ისეთი სუფთაა, რომ ორგანიზმი გაურკვევლობაშია.

IMG_8995.jpg

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ ცივა. ზუსტად ისეთივე ტემპერატურაა, როგორიც თბილისში დავტოვე, 13-14 გრადუსი. მაგრამ ძალიან ხშირად წვიმს. წვიმა არ ქვია ამას ჩვენებურად, ალბათ უფრო “ცრის”. ქოლგის ან საწვიმარის ამოღებაც არ ღირს. 5 წუთი ცრის, 5 წუთი გადაიღებს და ასე უსასრულოდ. სამაგიეროდ, მგონი ამ კლიმატის დამსახურებაა ასეთი საოცარი ბუნება და სიმწვანე. და კიდევ ცისარტყელები!!! ბევრი ცისარტყელები! ყველგან!

ისე, შოტლანდიის ნაციონალური ცხოველი მარტორქა ყოფილა, რაც ასევე უცნაურია. მარტორქა, ცისარტყელები და ძველებული სახლები. ეს ყველაფერი ზღაპრის იმიტაციას გავს. 

IMG_9505.jpg

პირველი ვახშამი Glenfiddich-ის დისტილერიის ტერიტორიაზე არსებულ Family Home-ში გვქონდა დაგეგმილი. ეს ადგილი განსაკუთრებულია, აქ ვერ ხვდებიან ტურისტები და მხოლოდ ოჯახის სტუმრებს აქვთ მასთან წვდომა. კომპანია 1887 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთი ოჯახის მფლობელობასა და მართვაშია.

IMG_9027.jpg

აქ პატარა მუზეუმივით აქვთ მოწყობილი, ვილიამ გრანტის (Glenfiddich-ის და Balvenie-ს დამფუძნებლის) ნივთები სათუთადაა შემონახული: მისი ქუდი, მისი ჩემოდნები, ბლოკნოტები. (მის ისტორიას დეტალურად შემდეგ პოსტში მიმოვიხილავ.)

შეფ მზარეულმა ჩვენთვის სპეციალური ვახშამი მოამზადა. ეს არ იყო ტრადიციული შოტლანდიური ვახშამი, ეს უფრო იყო დახვეწილი კერძები შოტლანდიურ მოტივებზე.

სტარტერი - Terrine of Scottish Salmon / შოტლანდიური ორაგულის ტერინი. ჩრდილოეთის ზღვაში ბევრი საინტერესო თევზი ბინადრობს. შესაბამიმსად, შოტლანდიურ სამზარეულოშიც საპატიო ადგილი უკავია თევზეულს. ტერინი ძალიან ჰაეროვანი იყო, მიკრომწვანილი და კედრის (მიკრო)კაკალიც ძალიან უხდებოდა.

IMG_9047.jpg

ძირითადი კერძი - Roast Rib of Aberdeenshire Beef with Yorkshire Pudding & Seasonal Veggies / შოტლანდიური ანგუსის სტეიკი იორკშირული პუგინდით და ბოსტნეულით. შოტლანდიური (უფრო კონკრეტულად აბერდეენის) ანგუსი - ძროხის ადგილობრივი ჯიშია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. ხორცი ბუნებრივად მარმარილოსებრია (marbled, ანუ ცხიმი ხორცის შიგნით ფენებადაა განაწილებული) და, შესაბამისად, მისი სტეიკი გამორჩეულად ნაზი და გემრიელია. იორკშირული პუდინგი - პატარა რბილი პურია, რომელიც ამ სტეიკს თავზე ადევს. სოკო, სტაფილო, კარტოფილი და წვრილი მწვანე ლობიო ქონდა სტეიკს გარნირად. სოუსი - საკმაოდ სტანდარტული Gravy (სოუსი, რომელიც ხორცის მომზადების დროს გამოყოფილი წვენის შესქელებით კეთდება). 

IMG_9053.jpg

დესერტი - Baked Lemon Tart / ლიმონის ტარტი, ასევე ლიმონის, ნაყინით. აქ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, რადგან შოტლანდიასთან კავშირი ვერ ვუპოვე. მაგრამ არ იყო ურიგო.

IMG_9069.jpg

ვახშამს, რაღა თქმა უნდა, უამრავი შოტლანდიური ვისკი და ბევრი საინტერესო ისტორია ახლდა თან. ხვალიდან კი დისტილერიების მონახულება და დეგუსტაციებია გეგმაში. 

IMG_9092.jpg
Scotch Diaries: Glenfiddich = ტრადიცია + ინოვაცია

Scotch Diaries: Glenfiddich = ტრადიცია + ინოვაცია

ვისკის გეოგრაფია

ვისკის გეოგრაფია